Monday, September 4, 2017

მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიები მასწავლებლებისთვის

მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხი კოლეგებთან, მშობლებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობებისთვის
მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, 2008 .
წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მშობელსა და სკოლას შორის დამყარებული კეთილგანწყობაა. იმისთვის, რომ მასწავლებელსა და მშობელს შორის ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული კომუნიკაცია შედგეს, პირველი გადამწყვეტი ნაბიჯი პედაგოგმა უნდა გადადგას. ამ შემთხვევაში, მისი როლი შეუცვლელია. მასწავლებელი ის შუალედური რგოლია, რომელიც სკოლას და ოჯახს ერთმანეთთან აკავშირებს. მას შეუძლია, კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მშობელი სასწავლო პროცესში ჩართოს და თავის მოკავშირედ აქციოს. მათ ერთი მიზანი აქვთ _ ბავშვის წარმატება და მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა..
მშობლის აქტიურობა თქვენს სამუშაოსაც საგრძნობლად შეამსუბუქებს. აუხსენით მას, რას გეგმავთ წლის ან სემესტრის განმავლობაში, რა ცოდნას მიიღებს მოსწავლე, რა შედეგს უნდა მიაღწიოს მან სასწავლო წლის ბოლოს. მართალია, მშობელთან მუშაობა თქვენგან დამატებით დროს, ენერგიასა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ ამ შრომის გაწევა იმისთვის ღირს, რომ ერთგვარი მოკავშირე გყავდეთ, რომელიც ბავშვს პროგრამის დაძლევისას წარმოქმნილი სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
მშობელთან ურთიერთობისთვის კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენება შეიძლება: წერილობითი ფორმით დაწყებული და ელექტრონული ფოსტით დასრულებული _ გააჩნია, ვისთვის რა უფრო მოსახერხებელიამშობელი სისტემატურად უნდა იყოს ინფორმირებული არა მხოლოდ მოსწავლის უარყოფითი ქცევის ან დაბალი აკადემიური მოსწრების, არამედ მისი მიღწევების შესახებაც. პედაგოგი ამ ინფორმაციას წერილობითი ფორმით მიაწვდის მშობელს, ტელეფონით აცნობებს თუ მოკლე ტექსტური შეტყობინებით გაუგზავნის, ეს თავად მისი გადასაწყვეტია. მშობელთან მიმოწერა ყველაზე მოსახერხებებლი საკომუნიკაციო საშუალებაა. თქვენი წერილი ერთგვარი სავიზიტო ბარათია და ასეთი მიმოწერის წყალობით შეიძლება თქვენსა და მშობელს შორის წარმატებული თანამშრომლობა შედგეს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, თუ როგორ იქნება იგი შედგენილი, რამდენად საინტერესო ინფორმაციის შემცველი აღმოჩნდება. სასურველია, წერილი დადებითად იწყებოდეს. ყველა ადამიანს და მით უმეტეს, ყველა ბავშვს დადებითი მხარე აქვს, რომელსაც თქვენ, როგორც პედაგოგი, სხვებზე უკეთ ამჩნევთ. წარმოაჩინეთ მოზარდის ეს მხარე და ხაზი გაუსვით მის ინდივიდუალობას. შვილის შექება მშობლისთვის გაკეთებული საუკეთესო კომპლიმენტია. დადებითი ტონით დაწყებული წერილი იმის გარანტიას იძლევა, რომ მშობელი მას ბოლომდე წაიკითხავს, გიპასუხებთ და თქვენს მიმართ კეთილად განეწყობა. შეეცადეთ, გამოიწვიოთ იგი, რათა წერილობითვე გიპასუხოთ. სასურველია, მას შეკითხვები დაუსვათ და მიღებულ ინფორმაციაზე კომენტარიც სთხოვოთ. ეს იმ კომუნიკაციის დასაწყისი იქნება, რომლის წარმატებაც თქვენს პროფესიონალიზმზე დამოკიდებული აღმოჩნდება.
წესი, რომელიც დაგეხმარებათ მშობლისთვის განკუთვნილი წერილის პროფესიონალურად ფორმულირებაში:
1. წერილის დასაწყისში მიმართეთ მშობელს პერსონალურად ქალბატონო/ბატონო.. თუ მშობელს ახლოს იცნობთ და ასეთი მიმართვა მასში უხერხულობას გამოიწვევს, შეგიძლიათ არაოფიცილური მიმართვაც შეარჩიოთ, მთავარია, მიმართვა პირადად მშობელზე იყოს გათვლილი
2. თქვენი წერილი აუცილებლად უნდა იყოს სტრუქტურიზებული და მშობლისთვის გასაგებად დაწერილი. თუ წერილს ხელით წერთ, თქვენი ხელწერა მშობლისათვის ადვილად წასაკითხი უნდა იყოს.
3. წერილის სიდიდე შეზღუდეთ და ეცადეთ, არ აღემატებოდეს ერთ გვერდს.
მიმოწერის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელთან პირისპირ საუბარსაც. იმისათვის, რომ დროის უმიზნოდ ხარჯვა და ზედმეტი სტრესი თავიდან აიცილოთ, მას წინასწარ აცნობეთ, როდის არის შესაძლებელი თქვენთან შეხვედრა და საუბარი. ეს სტრატეგია საშუალებას მოგცემთ, მომზადებული შეხვდეთ მშობელს და რაციონალურად განკარგოთ დრო. მშობელთან საუბრისას იმავე ხერხის გამოყენებაა რეკომენდებული, რაც მიმოწერისას: თქვენი საუბარი მოსწავლის დადებითი მხარეების წარმოჩნით უნდა იწყებოდეს, რასაც შეიძლება სხვადასხვა სახისპრობლემების განხილვა მოჰყვეს. მშობელთან ურთიერთობის დროს თანასწორობის პრინციპი გამოიყენეთ _ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რა განათლების, სოციალური ფენის, ეროვნების ადამიანია თქვენს წინაშე. მშობლის პატივისცემასა და ნდობას აუცილებლად დაიმსახურებთ, თუ მასთან საუბარს თავაზიანი ფორმით წარმართავთ დაის თქვენში კეთილმოსურნე პედაგოგს დაინახავს, რომელსაც მისი შვილისთვის მხოლოდ სიკეთე უნდა. მიეცით მშობელს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება. ამ დროს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ მოსწავლის ოჯახური გარემოს შესახებ, რაც აუცილებლად დაგეხმარებათ მასთან ინდივიდუალური მუშაობის დროს.
ხშირად მშობელი მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოდის სკოლაში და შვილის შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ასეთი სპონტანური ვიზიტი თქვენთვის ძალიან მოუხერხებელია. ამიტომ სასურველია, სასწავლო წლის დასაწყისშივე აუხსნათ მშობლებს, რომ გსურთ, მომზადებული და მობილიზებული შეხვდეთ მათ მშვიდ გარემოში, მიაწოდოთ ინფორმაცია და საჭიროების შემთხვევაში, რჩევებიც. სკოლაში მშობლის მოულოდნელი ვიზიტი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა იყოს დასაშვები.
მშობელთან კომუნიკაციის კიდევ ერთი მოსახერხებელი ფორმა სატელეფონო საუბარია. თუმცა მან მიმოწერის ადგილი არ უნდა დაიკავოს: სიტყვიერად ნათქვამი მალე გვავიწყდება, ფურცელზე დაწერილი კი რჩება და დავიწყების ან ინფორმაციის დაზუსტების შემთხვევაში, მისი გადაკითხვა შეიძლება. სატელეფონო საუბარს განსაკუთრებით მაშინ მიმართავენ, როდესაც მშობელი წერილობით შეტყობინებას არ პასუხობს, ან გარკვეული გარემოების გამო სკოლაში მისი სასწრაფოდ მოსვლაა საჭირო და ..
მშობელთან კომუნიკაციის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა მშობელთა კრება გახლავთ. ამ დროს საუკეთესო საშუალება გეძლევათ, შეხვდეთ მშობლებს, მათთან დისკუსია გამართოთ, საჭირო ინფორმაცია მიაწოდოთ და თავადაც მიიღოთ იგი.სრულყოფილი კომუნიკაციისთვის აუცილებელია, რომ თითოეული მშობლის სახელი იცოდეთ. მშობელთა კრებაზე მოერიდეთ რომელიმე მოსწავლის გადამეტებულ ქებას ან პირიქით, საყვედურების თქმას ვინმეს მისამართით. მიეცით მშობლებს იმის საშუალება, რომ თქვენში მიუკერძოებელი პედაგოგი დაინახონ, რომელსაც ყველა მოსწავლე ერთანირად უყვარს და თითოეულის წარმატება თანაბრად სურს. ამით მათ პატივისცემას სამართლიანად დაიმსახურებთ.
მშობელთა უმრავლესობა არ არის აქტიურად ჩართული არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ, რომ სკოლასთან ინტენსიური თანამშრომლობით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. თუმცა როგორც კი მშობლებს საშუალება ეძლევათ, ამ პროცესში უშუალოდ ჩაერთონ, მათი უიმედო დამოკიდებულება ქრება და ისინი ხვდებიან, რომ აქტიურობა მართლაც მნიშვნელოვანია. კრებაზე შეგიძლიათ მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ შეატყობინოთ, რომლესაც უახლოეს მომავალში გეგმავთ და სთხოვოთ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს, თქვენ კი სამუშაოს შეგიმსუბუქებთ.
მშობელთა კრებისთვის ყველა პედაგოგი ინდივიდუალურ დღის წესრიგს ამზადებს და მშობლებთან სხვადასხვა საკითხის განხილვას აპირებს. მიეცით მათ იმის საშუალება, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ. დისკუსიის მიზანი აუცილებლად კონსენსუსის მიღწევა ან საკუთარი სიმართლის მტკიცება კი არ არის, არამედ ჭეშმარიტების ერთობლივად ძიება. ამ დროს თქვენი, როგორც მოდერატორის, როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
6 რჩევა დისკუსიის წარმატებით გასაძღოლად:
1. იყავით ნეიტრალური, არ დაიცვათ ვინმეს პოზიცია ცალსახად;
2. ყველა მშობელს მიეცით საშუალება, საუბარში ჩაებას;
3. დააწესეთ რეგლამენტი;
4. არ გადაუხვიოთ თემას;
5. მშობლებს აგრძნობინეთ, რომ მათი აზრი თქვენთვის მნიშვნელოვანია;
6. შეჯამეთ დისკუსიის შედეგები და დაასრულეთ დადებითი განწყობით.
და ბოლოს, მშობელთა კრების დასასრულს სთხოვეთ მშობლებს, რომ წერილობით მოგაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ მარტივი კითხვარი, ან ცარიელი ფურცლები ჩამოარიგოთ, რათა მშობლებმა კრიტიკული შენიშვნები თუ საქებარი სიტყვები ამ ფორმით მოგაწოდონ. თუ კითხვარის მომზადებას გადაწვეტთ (მათ თვალში ეს თქვენს კომპეტენციას უფრო აამაღლებს), სასურველია, იგი მსგავსი ტიპის კითხვებს შეიცავდეს: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ კრებაზე, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და .. გამოკითხვა აუცილებლად ანონიმური უნდა იყოს. მათი პასუხები დაგეხმარებათ, რომ მომდევნო შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისათვის საინტერესო იყოს.
მშობლებთან კეთილგანწყობილი კომუნიკაციის შესახებ იხილეთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო სასწავლო და პროფესიული გარემო გვ. 129-137


No comments:

Post a Comment